საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი - “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”
საქართველოში კიდევ ერთი დასავლელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს.
საქმე ბრიტანელ ჟურნალისტს, უილ ნილს ეხება, რომელიც 20 მაისს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საქართველოში არ შემოუშვეს. აღინიშნება, რომ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.
RSF აღნიშნავს, რომ ნილის საქართველოში არშემოშვება აპრილის დასაწყისში მის წინააღმდეგ “გაშავების” კამპანიას მოჰყვება, რომელსაც ქართველი პოლიტიკური ლიდერები და პრო-სამთავრობო გამოცემები უძღვებოდნენ. ასევე, აღინიშნება, რომ „მათი თავდასხმა“ ნილის მიერ ბრიტანულ ჟურნალ Byline Times-ში გამოქვეყნებულ გამოძიებას მოყვა, რომელშიც ჟურნალისტი ბიზნეს კავშირებზე საუბრობს ბრიტანეთში მდებარე კერძო სააქციო ჯგუფ Hunnewell Partners-სა და რუს ოლიგარს, რომან აბრამოვიჩს შორის, რომელიც ევროკავშირის მიერაა დასაქნცირებული. Hunnewell Partners კი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია და „პრო-სამთავრობო ტელეარხ “იმედი ტვ”-ს ფლობს“.
„უილ ნილის შემთხვევა საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების რეპრესიების ახალ ეტაპს აღნიშნავს და მმართველების მიერ სახელისუფლებო სტრუქტურებში ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების უარყოფას ნათლად აჩვენებს. იქნება ეს “გაშავების”კამპანიები, რომლებსაც პრო-სამთავრობო მედია და პოლიტიკოსები უძღვებიან, თუ ადმინისტრაციული დაბრკოლება, ეს დაშინების ტაქტიკები უნდა დასრულდეს. RSF გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ აკრძალვას და დაუყოვნებლივ მისი მოხსნისკენ მოუწოდებს. ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ასევე პასუხი უნდა აგებინონ ქართველ ოფიციალურ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან ბრიტანეთის მოქალაქის ერთ-ერთი უფლების დარღვევაზე”, - განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟენ კაველიემ.