რა თქვა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა პროცესზე - “ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ადამიანი იყო”
ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი - სანდრო წივწივაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი."შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ. -ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.
ს.წ. - ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ. -მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ. -ზე იყო რეგისტრირებული.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ - მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
საქმეზე გამოძიება მ.ჯ-ს განზრახ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სანდრო წივწივაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს.“არ ვაღიარებ ამ ბრალს, რაც ჩემს წინააღმდეგ არის წარდგენილი. ერთი დღეც და ერთი წამითაც მე აქ არ უნდა ვიმყოფებოდე. როდესაც საგამოძიებო სამსახურმა მე დამიძახა, მე მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი საგამოძიებო სამსახურში, არც ერთხელ თავი არ ამირიდებია მე ვარ დაკითხული კიდეც მასრები არის ამოღებული, რომელიც შეესაბამება ჩემს ძველ იარაღს, 19-20 წლებში, დაახლოებით... მოპარული ან დაკარგულია, საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა დაადგინონ.
ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ადამიანი იყო. სამ ეპიზოდში ბრალი მედება: როდესაც იძახიან, დიღმელაშვილისთვის გადაცემის ფაქტს იარაღისო... ადამიანი, საერთოდ, არც კი დავკითხულვარ. საგამოძიებო სამსახურში გავიგე, რომ დიღმელაშვილი არის დაკავებული იმ ერთ-ერთი იარაღის გამო, რომელიც მე დავკარგე. რაც შეეხება მამუკა ჟიჟილაშვილს, მე მაგ საკითხზე დავიკითხე. რაიმე სახის კი არა, მილიმეტრის მილიმეტრი არ მქონდა ამ ყველაფერთან შეხება, - თქვა წივწივაძემ პროცესზე.
ვიდეო: "TV პირველი"