"სუხიშვილები" საგანგებო განცხადებას ავრცელებენ - "ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა"
წელს Tbilisi Open Air 24 მაისს გაიხსნა. ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა და 24-25 მაისს ტრადიციულად Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართა. წინა წლებისგან განსხვავებით, გამომსვლელთა სიაში უცხოელი შემსრულებლები არ ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მსმენელი ქართველი არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების გამოსვლებს ისმენდა. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკალური კოლაბორაციებია გახლდათ.
სპეციალურად მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, გიული ჩოხელი და გიორგი უშიკიშვილი, სუხიშვილები...
სკანდალი მოჰყვა 25 მაისს ნინო სუხიშვილის მიერ სცენიდან წარმოთქმული სიტყვებს.
"ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო - ენა, მამული, სარწმუნოება...“ - განაცხადა მან.
ამ ნათქვამმა ბევრი დააბნია, კონკრეტულად ვის გამოსვლას გულისხმობად ნინო სუხიშვილი გაუგებარი აღმოჩნდა. ზოგს ეგონა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ნამღერი ტექსტები არ მოეწონა, ზოგს - სხვა ვერსია ჰქონდა.
თუ ვის სიტყვას ემიჯნებოდა და მიაჩნდა მკრეხელობად, ამის თაობაზე ნინო სუხიშვილმა მოკლე კომენტარი ambebi.ge - სთან გააკეთა.
"ჩემს ნათქვამში იგულისხმებოდა არჩილ გულედანის ნამღერი სიმღერის ტექსტი, და გთხოვთ მეტი შეკითხვებით ნუ შემაწუხებთ, შეუძლოდ ვარ, გავცივდი გუშინ“, - განაცხადა მან.
დღეს კი "სუხიშვილების" ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განმარტებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა.
აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა. დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა.
ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.
გვსურს დაგიდასტუროთ, რომ "სუხიშვილები" ყოველთვის იდგა და დგას, როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს.კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია".
შეგასენებთ, საქმე შეეხება "მწვანე ოთახის" საკმაოდ ძველ სიმღერას "MAMA", რომელიც "იუითუბზე" ჯერ კიდევ 2013 წელს არის ატვირთული. სიმღერის ტექსტი რამდენიმე არაეთიკურ ფრაზას შეიცავს, ნახსენებია "ჯვრები", "შავი ჯიპები" და ძირითადადა საბჭოთა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ არის მიმართული.