"ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, მარიკა ჩხარტიშვილი-ბაქრაძე აღარ გვყავს..." - რას წერს ნუგზარ რუხაძე
გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი მარიკა ბაქარაძე. ამის შესახებ ინგლისური ენის მასწავლებელი, ჟურნალისტობა ნუგზარ რუხაძე წერს.
"ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, მარიკა ჩხარტიშვილი-ბაქრაძე აღარ გვყავს. ის ესპანეთში განერიდა ჩვენს ცოდვილ წუთისოფელს რამდენიმე დღის წინ თბილ ოჯახურ გარემოში თავისი ერთადერთი შვილის, მაიას, თბილ ხელსა და უსასრულო ფერებაში. მარიკა ბაქრაძემ, თავის დროზე, ღრმა კვალი გაავლო ქართულ მწერლურ და ჟურნალისტურ პროცესზე, მასავით მოქნილ და ნიჭიერ კოლეგებთან ერთად, რომელთა შორის ჩვენი ნუნუკა გრძელიშვილია, უპირველეს ყოვლისა. მისთვის ჩვეული მოზომილი და თავშეკავებული, სიღრმისეული ანალიტიკური ალღოთი ამშვენებდა ის საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. სკოლის ოქროსმედალოსანი მარიკა, ჩვენი მაშინდელი ცხოვრების ნამდვილი ფრიადოსანი იყო, რომლის პირუთვნელი ზრუნვის გარეშე, ვერც მისი უაღრესად საჭირო ჟურნალისტური საქმიანობა იქნებოდა გამართული და ვერც მის ოჯახში გაიზრდებოდა ისეთი ინტელექტუალი, როგორიც მისი სანუკვარი და საფიცარი მაიაა. მარიკა ბაქრაძისგან დაკვირვებით ვსწავლობდი ჟურნალისტური მიდგომებისა და ინტერპრეტაციების სიღრმესა და სიფაქიზეს, რომელიც გამაგრებული იყო საქმის მისეული ცოდნითა და უზადო პროფესიონალიზმით. მივტირი ჩემს სათნო და საყვარელ მეგობარსა და მეზობელს, სულით-ხორცამდე ქართველ ჟურნალისტსა და ჩვენი მაშინედლი საზოგადოების მარგალიტს. მარიკა, არასოდეს არ დაგვავიწყდები, ძვირფასო. შენს მაიას კი, არ მოვაკლებთ სითბოს, რომელიც შენი მარადიულობაში გადასვლით დააკლდება, თუმცა, შენ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგცვლის. შენ მარიკა ბაქრაძე ხარ, და ჩვენს სულსა და გონებაში, დარჩები ისეთი, როგორიც ყოველთვის იყავი - შეუდარებელი და განუმეორებელი. მშვიდობით! შენი ნუგზარ რუხაძე."