“მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას" - “დინამო თბილისი” გორის “დილას“ მატჩის მიმდინარეობისას ჯაბა კანკავას გულშემატკივრებთან კონფლიქტს ეხმაურება
28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე “დინამო თბილისისა“ და გორის “დილას“ მატჩის მიმდინარეობისას ჯაბა კანკავას გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. აგრესიულად განწყობილი მაყურებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც კანკავას გაღიზიანება მოჰყვა
"დინამო თბილისი" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას"
"სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა. მთელი კლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება.
ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით. გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ" - წერია განცხადებაში