“მე რა სულელი ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ფულს არ ვაკეთებდი?” - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე
"ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო იმიტომ, რომ თუ ესენი არ ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც სრულიად დაუცველი ვიქნებით რუსეთის აგრესიისგან",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის განმარტებით, ის საოკუპაციო რეჟიმის პირადი პატიმარია.
"ეს ყველა შემთხვევაში თავიდან უნდა ავიცილოთ. ამისთვის ჩვენ უნდა გვყავდეს პატრიოტული, საქართველოს მსახური ხელისუფლება და არა საოკუპაციო ხელისუფლების პირდაპირი მანქურთები, პირდაპირი დამქაშები“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, მას ასამართლებენ ფულის გაფლანგვისთვის, თუმცა სააკაშვილი ირწმუნება, რომ ხალხის ხარჯზე არასდროს გამდიდრებულა.
"მე ვარ საოკუპაციო რეჟიმის პირადი პატიმარი. ამის გარდა, ის უსამართლობა, რაც ჩემ მიმართ არის, ეს არის წინასწარ დაწერილი სცენარი და გათვლილი "ეფესბეს“ კაბინეტებში. მასამართლებენ რაღაც ფულის გაფლანგვაზე, ჩვეულებრივი საპრეზიდენტო ხარჯებისთვის, როცა ჩემს შვილს, ალისას ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში, რომელშიც ცხოვრობს... ესენი წარმოუდგენლად გაზულუქდნენ. მე რა სულელი ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ფულს არ ვაკეთებდი? სულელი კი არ ვიყავი, ეს იყო და არის ჩემი მრწამსი, რომ არც შეიძლება საკუთარი, მით უმეტეს ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, არ შეიძლება ქონების, ტყეების, მიწების მითვისება. ამათ ყველას სულელი ვგონივარ, რომ მე ამას არ ვაკეთებდი. სულელი კი არ ვარ, ამიტომაც მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“,-განაცხადა სააკაშვილმა.
მან საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად მოემზადონ.
სააკაშვილის განმარტებით, მათ ყველას ექნებათ საარჩევნო ხმა, რომ საკუთარი ქვეყნის ბედი თავად გადაწყვიტონ.