"ოქრუაშვილს ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მეორე მხარეს დანა, ამ დანით გამოგჭრით ყელს, თუ წინააღმდეგობა იქნებაო, თავებს დაგაყრევინებთო" - თორნიკე გერლიანი
კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემა განიხილება.
თორნიკე გერლიანის განცხადებით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ხოლო, ადგილობრივებმა - 11 აგვისტოს, მანამდე კი, გერლიანის თქმით, ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მაცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებდა და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობდა.