"შეიძლება ბევრი რამ იცოდეთ საქართველოს შესახებ, მაგრამ შეიძლება არ იცით ერთი მნიშვნელოვანი რამ..." - რა თქვა ბექა ყორშიამ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე?
ჩვენი ე.წ მთავრობა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ავტორიტარი არ არის. სამწუხაროდ, დასავლეთში ზოგიერთებმა ეს დაიჯერეს - ამიტომ, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად, ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.
ყორშიამ სიტყვით გამოსვლისას საპროტესტო აქციებზე დაკავებულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დააპატიმრეს, რადგან „უბრალოდ სამშობლოს სიყვარული და იმის დაჯერება გაბედეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში“.
„შეიძლება ბევრი რამ იცოდეთ საქართველოს შესახებ, მაგრამ შეიძლება არ იცით ერთი მნიშვნელოვანი რამ - საქართველო ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ძლიერ ქალებზე, მათ გამბედაობასა და ურყევ პრინციპებზე. საქართველო ფეხზე დგას მშრომელი ქალების, ინტელექტუალი ქალების, ემიგრანტი ქალების წყალობით - ქალების, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი შვილები, არამედ გაზარდეს თავად საქართველო, როგორც ქვეყანა.
მაგრამ დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა ხმამაღლა. მინდა ისეთივე ხმამაღლა ვთქვა, როგორიც მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარულია. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. მზია ამაღლობელი - თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არამხოლოდ ქართველი ქალის, არამედ - თავად საქართველოს სახეა. თავისუფლება მზია ამაღლობელს!
ბოლო დრომდე ვმუშაობდი ტელეკომპანია „მთავარში“ და ვაკეთებდი პოლიტიკურ სატირას - არა იმიტომ, რომ კომიკოსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმართლის გაშუქების ერთადერთი გზა ხალხის გაცინებაა, სანამ აეტირებათ.
ამჟამად ჩემს ქვეყანას 65 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ეს რიცხვი 3-ჯერ შეიცვალა, სანამ ამ ტექსტს ვწერდი. ესენი არიან სტუდენტები, ჟურნალისტები, მსახიობები, მოაზროვნეები, ახალგაზრდები ნათელი წარსულით და კიდევ უფრო ნათელი ოცნებებით.
ეს არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ საქართველო ეკუთვნის ხალხს და არა პარტიას და მით უმეტეს - არა მოსკოვს. შეიძლება მათი სახელები არ გეცნობოდეთ, მაგრამ მათ მიერ თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი უდიდესია.
არალეგიტიმურმა მთავრობამ ჩვენ შორის ყველაზე ჭკვიანი და ზოგადად, ყველაზე უკეთესი ხალხი გამოარჩია და დააპატიმრა. რატომ? იმიტომ, რომ მათ უბრალოდ სამშობლოს სიყვარული და იმის დაჯერება გაბედეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებაა, მაგრამ ისინი, ვინც დღეს ამ მუხლს იცავენ, სამწუხაროდ, პარლამენტში კი არ სხედან, არამედ - ციხეში.
და თუ დღეს ქვეყნის სიყვარული, თავისუფლების სიყვარული და ევროპული ღირებულებების რწმენა დანაშაულია, მაშინ დიახ, ისინი დამნაშავეები არიან! ჩვენც, ყველანი დამნაშავეები ვართ! და დიახაც, ვამაყობთ ამით!
როგორც ბოდლერმა თქვა: „ეშმაკის ყველაზე დიდი ხრიკი ისაა, რომ შეძლო და სამყარო მის არარსებობაში დაარწმუნა“.
ჩვენი ე.წ მთავრობაც ამ ხრიკს მიმართავს - ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ავტორიტარი არ არის. სამწუხაროდ, დასავლეთში ზოგიერთებმა ეს დაიჯერეს. მაგრამ არ ტყუვდება ქართველი ხალხი, რომელიც 200 დღეა ქუჩაში დგას და ყველა ქალაქში უსამართლობას აპროტესტებს.
სამწუხაროდ, საქართველო ციხედ გადაიქცა. ძალიან ლამაზ ციხედ მთებით, ღვინით, პოლიფონიური სიმღერით, დიდებული ლიტერატურით, მაგრამ მაინც ციხედ. მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი გრძნობს თავს კარგად. დანარჩენები - ჟურნალისტები, მშრომელები, მსახიობები, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ.
ახლა მე არ ვსაუბრობ, როგორც მსხვერპლი. ვსაუბრობ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ ლაპარაკს ჯერაც აქვს მნიშვნელობა. რაც მთავარია, მჯერა, რომ ევროპა, ნამდვილი ევროპა უსმენს, როდესაც სიმართლე ლაპარაკობს, თუნდაც აქცენტით.
ამიტომ, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა.
და ბოლოს, მინდა ქართველ ხალხს მივმართო: გჯეროდეს, საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში…
გჯეროდეს, რადგან მთელი მსოფლიო გიყურებს. გჯეროდეს, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგიღია, ფუჭად არ ჩაივლის“,- განაცხადა ბექა ყორშიამ.