"იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე" - ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება და საგარეო უწყებას შეუერთდება: რას წერს ცენტრის ყოფილი წარმომადგენელი?
საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცენტრი რეორგანიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
ამასთან, მედიაში ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში უკვე ყოფილი დასაქმებულები ავრცელებენ ინფორმაციას მათი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია".
"ჩვენი ქვეყნის და პარტიის მორიგი უბადლო წარმატება. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეული წარმატების შემდეგ, უკვე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center საჭირო აღარაა. აქამდე ლიკვიდაცია მაღაზიების დახურვისას ცხადდებოდა ხოლმე და იქიდან ვიცოდი...
ახლა ცოტა სერიოზულად. ამ ძვირფას საქმეს 6 წელი ვემსახურე. ამ დროის მანძილზე ქვემო ქართლის 100-ზე მეტ სოფელსა თუ მუნიციპალურ ცენტრს ვესტუმრე (რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჯამში 300-მდე შეხვედრა მაქვს ჩატარებული).
პირადად მე, თემურ სუყაშვილი, არც ამ გათავისუფლებით დავიქცევი და მომავალში მოსალოდნელ რისკებსაც ასე თუ ისე კარგად ვაცნობიერებ, წინასწარ ვემზადები მენტალურად და ემოციურად.
ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები მადარდებს. ამ (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების ბრძანების დამკვეთს, გამცემს თუ შემსრულებლებს რა ედარდებათ? მათ ხელშია ფული, ძალაუფლება და წვდომა რესურსებზე. მათ შეუძლიათ შვილების უდარდელი მომავალი უზრუნველყონ: როსტოვის, კრასნოდარის, ლომონოსოვის და უნივერსიტეტებისთვის არ გაწირონ ისინი. იზოლაციონიზმის მიუხედავად, შეუზღუდავი რესურსებით ყველაფერი შესაძლებელია. აი, ჩვენ რა ვთქვათ? როგორ ვუთხრათ შვილებს, მათი მომავალი თვალსა და ხელს შუა რომ მოგვპარეს?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლისთვის რომ გაგვწირეს? როგორ აქციეს რუსთა თარეშის მოედნად ეს ქვეყანა? დარწმუნებული ვარ, ამ პოსტს "მისქრინავენ" ან "მოაკოპირებენ" და გადააზიარებენ. იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე.
ამაზე მეტი დასტური რაღა გინდათ, რომ ქვეყნის მესვეურები ბოლომდე აპირებენ კურსი შეცვალონ და ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალი ყველა გზა ჩახერგონ. ამ პირობებში, ჩვენთან ისევ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს (უბერავს კიდევაც).
მე აღარ მესმის, ამის და სხვა უფრო მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ, კიდევ როგორ გწამთ და გჯერათ პარტიის?
პ.ს. პოსტის ბოლოს, ყაველაშვილის ცნობილი გინება მოუხდებოდა" - წერს თემურ სუყაშვილი.