"მთავარი სათქმელი, რაც მაქვს ევროკავშირის ზოგიერთი ელჩისთვის არის შემდეგი..." - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?
ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ექსტრემიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისთვის მიწერილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, ძალადობა და პროპაგანდა.
„პასუხი ამ წერილზე [მის მიერ პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილი] ჯერ არ მიმიღია, მაგრამ მთავარი სათქმელი რაც მაქვს მისთვის და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩისთვის, დონორისთვის არის შემდეგი: ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, ძალადობა და პროპაგანდა. ანუ, ფინანსდება ექსტრემიზმი. ეს უკვე უშუალოდ ექსტრემიზმის ზღვარია. ვხედავთ, რომ საჯაროდ და ცინიკურად ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ზოგიერთი ელჩის მხრიდან, ღიად და საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც არის ექსტრემიზმის პირდაპირ განსაზღვრება.
შეგახსენებთ, სულ ახლახან გერმანიაში აკრძალეს ორგანიზაცია იმის გამო, რომ ისინი არჩეული თუ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებდნენ. არ აღიარებდნენ სამართლებრივ წესრიგს, კანონებს და ამას უწოდეს ექსტრემიზმი. საქართველოში იგივე ქვეყნების წყაროებიდან ფინანსდება ზუსტად ეს - ორგანიზაციები, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობას, ანუ მიჰყვებიან ექსტრემიზმს.
ამიტომ, მთავარი დასკვნა და მოწოდება არის, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ექსტრემიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომლის ადრესატი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკია. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, წერილში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება“.