"სამსახურიდან მისულ მამას 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარეობაში" - ტრაგედია ხაშურში
ხაშურში, დღეს, დილით, სამსახურიდან სახლში მისულ მამას 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში. ინფორმაციას გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"მამას დილით, როდესაც მორიგეობიდან სახლში დაბრუნდა, ეს ვითარება დახვდა", - უთხრეს "მოზაიკას".
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ინტოქსიკაცია განიხილება. რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას, როგორც მეზობლები ამბობენ, უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გაზის ან Co-ს გაჟონვა არ ფიქსირდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.