"ესეც რუსული კიბოა! მერწმუნეთ, ამ კიბოზე უარესი ქვეყანას ცოტა რამ შეიძლება დაემართოს..." - ხატია დეკანოიძე ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება
ხატია დეკანოიძე "კანონიერ ქურდობასთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"კანონიერი ქურდობის ამაზრზენი სუბკულტურა ფესვგადგმული იყო საქართველოში იმდენად, რომ ქურდების ე.წ. „სხოდკებით“ იმართებოდა მთელი ბიზნესი, პოლიცია და პროკურატურა.
მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ დაგხვდა, ამ კიბოს მოცილება იყო კრიმინალური იუსტიციის სისტემიდან. ჯერ კიდევ სტალინის დროს ამოქმედებული ეს გახრწნილი სისტემა პოსტ-საბჭოთა რეალობას კარგად მოერგო. ვარდების რევოლუციამდე, ქურდები მართავდნენ ყველაფერს, ქურდებისთვის შეკრებილი ე.წ. „ობშიაკები“ გროვდებოდა სკოლებშიც კი.
საქართველოში ამ სისტემის სრული დემონტაჟი, ალბათ, კრიმინალური იუსტიციის ისტორიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უპრეცედენტო იყო. სახელმძღვანელოებშია შეტანილი.
უკრაინაში ბოლომდე ეს ვერ შევძელით. რეფორმის ფარგლებში რიკოს მსგავსი კანონიც ვერ მივიღეთ. დიდი წინააღმდეგობის გამო.
საქართველო კი ნამდვილად სამაგალითო იყო ამ მხრივ. მახსოვს, ოდესაში ქურდი გერლიანი დავაკავეთ. პირადად დავურეკე მაშინ საქართველოს შსს-ს და მის დეპორტაციაზე ვაცნობე, მაგრამ გერლიანი მშვიდად გაატარეს თბილისის აეროპორტში. ეს ნიშანი იყო, სხვა მრავალთან ერთად.
დღეს, ვკითხულობ შემზარავ ისტორიას: ახალგაზრდა კაცი მოკლეს წილის გადაუხდელობის გამო ქურდებისთვის. მერწმუნეთ, ამ კიბოზე უარესი ქვეყანას ცოტა რამ შეიძლება დაემართოს. ესეც რუსული კიბოა. რუსული გავლენის გამავრცელებელი ვირუსი.
ქურდებსაც ისევე მოვსპობთ, როგორც რუსების გავლენას ამ ქვეყანაში. და ვინც ამას მთელი სიმძაფრით, ქურდებს ნულოვანი ტოლერანტობის სტანდარტით არ დაუპირისპირდება - მისი პირველი მტერი ვიქნები.
პოლიცია დაკავებულია ქალი ჟურნალისტის დევნით. მზიას სილა ეწყინათ. ქურდების საზოგადოებაში ინტეგრაცია - არა.
პ.ს. წულუკიანი ქურდების მოშთობის ისტორიას რატომ არ იძიებს? ხომ გულშემატკივრობენ და არჩევნებში იყენებენ ?" - წერს ხატია დეკანოიძე