"მეგონა, თვითმფრინავი დაიშლებოდა" - ძლიერი ტურბულენტობის გამო, Ryanair-ის ბორტზე 9 მგზავრი დაშავდა
Ryanair-ის თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის შედეგადაც ბორტზე 9 მგზავრი დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო, თვითმფრინავის ეკიპაჟმა ავარიული დაშვება მემინგემის აეროპორტში განახორციელა, სადაც დაშავებულ მგზავრებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები დახვდნენ.
ბერლინი-მილანის რეისი, სამხრეთ გერმანიის თავზე ძლიერ ჭექა-ქუხილში მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის რყევის დროს, მგზავრები სავარძლებიდან გადმოვარდნენ და თვითმფრინავის სალონის ჭერს შეეჯახნენ.
ერთ-ერთმა მგზავრმა გერმანულ მედიას განუცხადა: "აქამდე არასდროს შემშინებია, მაგრამ იმ მომენტში მეგონა, რომ თვითმფრინავი დაიშლებოდა ან გადატრიალდებოდა".