"წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო - ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!" - მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს
კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო - ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ არ გამოცხადდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„პოლიტიკაში მოვედი, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კანონია შესაცვლელი. ჩემი საქმიანი მოღვაწეობის პერიოდში, თითქმის არასდროს დამირღვევია კანონი, არასდროს მქონია საქმე სასამართლოში გარდა იმ პროცესისა, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. პოლიტიკაში ვარ იმის გამო, რომ კანონები და ქვეკანონები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს, შევცვალოთ. ე.წ. კომისია ე.წ. პარლამენტმა შექმნა, მისი ლეგიტიმაცია არ აღიარა დასავლეთმა. ჩვენ, მე და ჩვენმა გუნდმა უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, დავტოვეთ მანდატები, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. შემდეგ შექმნეს ე.წ. კომისია, კონსტიტუცია დაარღვიეს... ამდენ დროს იმიტომ ვხარჯავ, რომ კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ დანაშაულს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ პოლიტიკოსებს თავს ახვევენ.
ჩემი კოლეგები დღეს ციხეში სწორედ ამის გამო სხედან, რადგან არაკონსტიტუციურმა კომისიამ დაიბარა, მათ უარი განაცხადეს მისვლაზე, ისევე როგორც მე და თანამებრძოლმა ბადრი ჯაფარიძემ უარი განვაცხადეთ. ამ კომისიაში არ ზის ოპოზიცია...
რეპრესია მიდის, ჩემი თანაგუნდელები დღეს ციხეში სხედან, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და კიდევ ზემოდან 50 ადამიანი, თურმე იმის გამო, რომ შეთქმულებას აწარმოებდნენ, არადა ხალხმა დარბაზში გაიცნო ერთმანეთი და 6 თვეა მიდის ადამიანების ვაჭრობა, დაშინება. ეს ცირკი, რომელიც სასამართლოში იმართება, ეს ლამაზად გამოწყობილი გოგოები - პროკურორები მოდიან და ბოროტებას ემსახურებიან. კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო - ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!
წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოსაძიებელმა კომისიამ მე დამიბარა. რამე თანამდებობა მქონდა, არჩეული ვიყავი რამე თანამდებობაზე? წინა ხელისუფლება მდევნიდა? რატომ? იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. შემეძლო გირაო არ გადამეხადა, მაგრამ გადავიხადე, რომ ეს პროცესი გაიწელოს და ყველამ დაინახოს, რომ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი, არც კონსტიტუცია“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, პროცესის დაწყებისას მოსამართლე ზვიად შარაძის მიერ დასმულ კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.
პროკურორ მარი მეშველიანის განმარტებით, ხაზარაძეს შესაბამისი დოკუმენტი გადაეცა და განემარტა კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემის თაობაზე, თუმცა, ის არასაპატიო მიზეზით კომისიაზე არ გამოცხადდა.
ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, კანონის შესაბამისად, კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, რაც ასე არ არის.
„არ არსებობს ის, რაზეც ვდაობთ - კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა - სახეზე არ გვაქვს, დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს“, - განაცხადა კორძაძემ.
ხაზარაძის კიდევ ერთი ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგია, რომ მამუკა ხაზარაძე ბრალდებულია.
„2004-2012 წელთან რა კავშირი აქვს მას?“, - იკითხა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.