"ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრია, ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა, ეუბნებოდნენ უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი..." - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის თქმით, "დღევანდელი მთავრობის მოქმედი წევრი "დავერბოვკებული" მონაზვნის ხელით, მის ლიკვიდაციას ცდილობდა". ამის შესახებ ეპისკოპოსმა ქადაგებისას ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე რაღაცები გახმაურდა თქვენს [მრევლს] შორის და სამწყსოში, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამაზე, პერსონიფიცირებისაგან მე თავს შევიკავებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა... ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას, ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ...
ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად, უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, პრივატული საუბრები?!
და ეს პიროვნება ჰყავდათ "დავერბოვკებული", არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა...
1 წლის განმავლობაში აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ მას, ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება.
აი, ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში.
ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ კიდევ ბევრი რაღაც გახდება ჩემთვის ცხადი", - ამბობს მეუფე გიორგი.