მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით.
„ამ სასამართლოში საქმე არ მაქვს, რა გადაწყვეტილებაც გინდათ მიიღეთ",- მიმართა მოსამართლეს ხაზარაძემ.
მანამდე მან დეტალურად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსამართლეს შუამდგომლობა.
მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.