"ის, რაც გუშინ თინა ბოკუჩავას მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი - ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი" - მიხეილ სააკაშვილი
ეს არის დაშინების მცდელობა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან. ჩვენ ამას არასდროს დავნებდებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცეს.
როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ეს არის უკიდურესად მხდალი რეჟიმის ქმედება.
„მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს. ის, რაც გუშინ მის მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი. ჩვენ ვამბობთ, რომ აღარ გვინდა რუსეთი საქართველოში. ეს რუსეთი აღარ არის, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი. კადიროვი იტაცებს ასე ხალხს. კადიროვი აწერინებს ვიდეოებს, ამ ბანდიტებით საქართველოში კადიროვში ვართ ხალხო. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. არ მეშინია, არ გავჩუმდები!“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში სამართალი და სამართლიანობა საერთოდ არ არის.