მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია საეპისკოპოსო მეუფე გიორგი ჯამდელიანის სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შესახებ სასამართლოს ოქმს აქვეყნებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმს აქვეყნებს.
"6 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლო მოწვეულ იქნა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს გიორგის თავმჯდომარეობით, რათა განეხილა მონაზვნის თ.კ-ს მიერ საერო პირის გ.შ-ს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება. საქმე ეხება დაგეგმილ მკვლელობის მცდელობასა და შეთქმულებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმე ასევე შესაძლოა ექვემდებარებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, საეპისკოპოსოს სასამართლომ მიიჩნია საჭიროდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში განეხილა საქმე, რადგან:
1. საქმე აღძრულია საეპისკოპოსო სასამართლოში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წევრის - მონაზვნის, თ.კ-ს მიერ ბატონ გ.შ-ს წინააღმდეგ. აღნიშნული მონაზვნის ბრალმდებლობის შესაძლებლობა შემოწმებულია წმინდა კანონებით გათვალისწინებული დადგენილებების თანახმად (კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი).
2. ბრალდებული პიროვნება ბატონი გ.შ საკუთარ თავს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად ცნობს და აგრეთვე მოქმედებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეკლესიო საზღვრებში. საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოძახებულ იქნა ბრალდებული ბატონი გ.შ, რომლის ჩვენებაც მოსმენილიყო. სასამართლომ ასევე მოისმინა მონაზონ თ.კ-ს დეტალური ჩვენება, სხვა სასულიერო პირების თანასწრებით, ასევე მოწმეთა ჩვენებები და ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბრალდებულის მხრიდან ეპისკოპოსის წინააღმდეგ მართლაც არსებობდა განზრახვა ფიზიკური განადგურებისა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლომ, წმინდა კანონებითა (ანტიოქიის კრების მე-4, მე-6 და მე-12 კანონები და სხვ.) და საქართველოს ეკლესიის დებულებით (თავი II, 59) მასზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა რა წარმოდგენილი ბრალდება მტკიცებულებები, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: და ბრალდებული პირი, გ.შ, ცნობილია დამნაშავედ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში...
ბრალდებულ გ.შ. გულწრფელ სინანულამდე აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის ბასილი კესარიელის 56-ე კანონის დადგენილებებს და 20 წელი დაჰყოს უზიარებელმა"- ნათქვამია ოქმში.
ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი, რომელმაც ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს.