ნატო გელაშვილი მიმართვას ავრცელებს, რა მოხდა გუშინ, კონცერტის დროს? - "შორს ხელები ჩემი ოჯახიდან!"
მომღერალი ნატო გელაშვილი მისი ვაჟების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და ბულინგს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
“მოგესალმებით სრულიად საქართველოს… არ მეგონა რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახზე ბულინგის თემას… თუმცა როგორც ჩანს გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს დღეს ბიჭები არიან სამიზნეები...კიდევ ერთხელ განვმეორდები, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი “სირცხვილია”- ს, სულ ცოტა მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს…”რა არის სირცხვილი და რა არა”...
ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა... არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც ქვეყნის… არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის… ასე რომ… შორს ხელები ჩემი ოჯახისგან,“ - წერს ნატო გელაშვილი და განმარტავს, რომ არც მისმა შვილებმა და არც სტუდენტებმა მათე დევიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ, გუშინ არაფერი იცოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონცერტს გადადებდნენ.
“ძალიან მიყვარს თქვენი შემოქმედება და დიდი პატივისცემით ვარ თქვენს მიმართ და უკვე ბიჭების მიმართაც. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, კონცერტის გადადება იქნებოდა, არა იმიტომ რომ სიმღერა ავკრძალოთ ამ ქვეყანაში მიუხედავად ყველაფრისა, არა! გუშინ ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღე იყო, მათეს დედა რომ გენახათ რა დღეში იყო, აუცილებლად დამეთანხმებოდით, რომ იქვე, სასოწარკვეთილი ადამიანის, ტირილის და მოთქმის პარალელურად, კონცერტის ჩატარება მინიმუმ არასწორი იყო.ნუ, დუმილზე და "ეს მე არ მეხებაზე"- ც მაქვს ჩემი აზრი, თუმცა ახლა აქ ამის დრო არ არის...
პ.ს. “ქოცხროვა“ ნუ დამესევით ახლა!“ - წერს კომენტარებში “ფეისბუქის“ მომხმარებელი, რომელსაც ნატო გელაშვილი პასუხობს:
“აბსოლიტურად გეთანხმებით… უბრალოდ არავითარი ინფორმაცია არ იცოდა არავინ... არც სტუდენტებმა და არც ბიჭებმა, თორემ დამერწმუნეთ საუბარიც კი არ იქნებოდა კონცერტის ჩატარებაზე. არც პირველია და არც ბოლო იქნებოდა კონცერტის გაუქმება ბიჭებისგან,“ -განმარტავს მომღერალი.
შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
გუშინ საღამოს თსუ-ის მე-2 კორპუსში იმართებოდა კონცერტი, რომელშიც ნატო გელაშვილის ვაჟებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამიტომ გააკრიტიკეს ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები.
“დღეს ჩვენი ტოლი ახალგაზრდა, მათე დევიძე სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ ჩასვეს ციხეში 4 წლითა და 6 თვით. ამის პასუხად, საქართველოს მოქალაქეები შევიკრიბეთ იმ ადგილას, სადაც მათე დევიძე უკანონოდ დააპატიმრეს, საიდანაც მარშით გადავინაცვლეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. მაშინ, როცა გარეთ დიდი აქციაა, თსუ-ის მე-2 კორპუსში იმართებოდა კონცერტი, საიდანაც შევეცადეთ, ჩვენი ხმა გაგვეგონებინა იქ მყოფი სტუდენტებისათვის. სამწუხაროდ, ამისი საშუალება არ მოგვეცა. ჩვენი, თითოეული სტუდენტისა და ახალგაზრდის ვალია, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს ბრძოლაში სამშობლოს გადასარჩენად! ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! #დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი“- წერს “დაასრულე“ და ვიდეოს აქვეყნებს.