"ევროკავშირმა უნდა თქვას: "გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“ - სალომე ზურაბიშვილი
"ევროკავშირმა უნდა თქვას: "გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "GLOBSEC 2025“- ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე "საქართველოს დემოკრატიული მომავალი“ განაცხადა.
"დავეთანხმები თქვენს განმარტებას, რომ ვითარება გაჭედილია. იმ რაღაცების მიუხედავად, რასაც გარედან ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია სულ უფრო და უფრო ძლიერდება რეპრესიების მეშვეობით - ეს აუცილებელი არ არის ასე იყოს. ერთი მხრივ ძლიერდებიან, მაგრამ მეორე მხრივ მათ ხალხი ტოვებს ან უშვებენ. გვაქვს ტრადიციული შიდა მტრობა და ნდობის ნაკლებობა მმართველ პარტიაში, რასაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმების ბოლო სტადიებზე ხედავთ ხოლმე. რამდენ ხანს გრძელდება ბოლო სტადია - არ ვიცი.
მეორე მხარე - მოსახლეობა, რომლებიც ორ წელიწად-ნახევარია პროტესტშია და არა მხოლოდ 195 დღე, ნამდვილად დაღლილია იმის მოლოდინით თუ რა მოხდება. ასე რომ, ეს მძიმე ტვირთია ხალხისთვის, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს. მძიმე ტვირთია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთა გაერთიანებასაც ვცდილობ, როგორც ჩვეულებრივ, ვინაიდან მათ ისეთი რაღაცების მიღწევას სთხოვენ, რაც მთლად ნათელი არ არის როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა.
ასე რომ, რამდენ ხანს, როგორ, რა თარიღში - ვფიქრობ, რომ თარიღს გარედან ველით. ორი რამის მოლოდინი შეგვიძლია ევროკავშირისგან:
პირველი - აღწერონ ვითარება, თქვან, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ეს სახელმწიფოა, რომელიც რუსეთმა ბრძოლის გარეშე მიიტაცა და ეს არის რაც ხდება - სახელმწიფო, დემოკრატია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც რუსეთში. ერთი პარტია, ერთი კაცი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. ეს უნდა ითქვას, უბრალოდ გაყალბებული არჩევნები არ არის, უბრალოდ ავტორიტარული გადახვევა არ არის დემოკრატიული გზიდან, რომელსაც საქართველო მიყვებოდა.
იმის აღწერისა და თქმით შემდეგ, რაც ხდება, შემდეგი ეტაპია იმის თქმა: "გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენს მომავალზე. ჩვენ საქართველოს ან ქართველებს არ ვსჯით, არამედ მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას. გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ და ამას უნდა ელოდოთ“. მაგრამ ეს თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს შეიძლება 4 ოქტომბერი იყოს - მაშინ გქონდეთ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ან ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი არჩევნები…
"პირობითობის“ პოლიტიკა, რომლისკენაც მოვუწოდებ, რომელიც ცოტათი აშშ-ის “MEGOBARI აქტს” ჰგავს - რომელიც იქნება, ჯერ არ არსებობს - კალენდარში უნდა იყოს ჩაწერილი. არ შეიძლება უბრალოდ ღია წინადადება იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.