ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა - “სამხრეთის კარიბჭე“
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ დაკავებული პოზიცია დატოვა. ხაჩიძე თანამდებობაზე აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა. იგი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურ შეუდგა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ცნობისთვის, სამცხე–ჯავახეთში ახალი რწმუნებული, ზაალ გელაშვილი მიმდინარე წლის 6 მაისს დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე, ყოფილი რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ორმა მოადგილემ პოზიციები დატოვეს.
ახალ რწმუნებულს ამჟამად ორი მოადგილე ჰყავს, სერგი მუშკუდიანი და გიორგი მიქელაძე. მესამე მოადგილის პოსტი კვლავ ვაკანტურია.
სად იყო მომღერალი და სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე – ეს კითხვა ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, რადგან რეგიონის რწმუნებულის შეცვლის და ადმინისტრაციაში გამართულ არაერთი შეხვედრის შემდეგ ის არც ერთ მათგანს არ ესწრებოდა.
როგორც “სამხრეთის კარიბჭე“ წერს, ზურა ხაჩიძის მიერ პოზიციის დატოვებამდე, მედიამ მხარის ადმინისტრაციის და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ფეისბუკ გვერდები შეისწავლა, რის მიხედვითაც გაირკვა, 2023 წლიდან 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით იგი ფაქტობრივად არ დასწრებია არცერთ შეხვედრას, რომელიც რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში იმართებოდა.