loader

"მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს - "არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა - ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს - "არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა - ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა!"

რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა.

ხაზარაძე მზაობას გამოთქვამს, ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ არ შეიძლება „გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა - ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა!“.

„ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან!

ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად!

თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში ყველა ცვლილებისა და განვითარების ავანგარდში, ასე იყო ისტორიულად - ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც!

დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც უკვე 200 დღეა ქუჩაში დგას და იბრძვის!

თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე აჩვენებს, რომ სწორედ იმ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინა გაყალბებას გეგმავს - შეგვიძლია მოვიგოთ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე, თითოეული ხმისთვის.

მითუმეტეს, ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს.

არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა - ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა!

დღეს, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ, ქუჩის პროტესტის პარალელურად. ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ!

თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, "პროტესტი" და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც.

ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავისი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი!

მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ.

მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანდატებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს ტალღა მთელ საქართველოს მოიცავს!

ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის - ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის! ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!

ვიცი, ბევრნი ვართ ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება! - ამიტომ, ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობასა თუ გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა არჩევნებიც!

ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივაღწიეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე.

იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნარო დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლების და მუნიციპალიტეტების დონეზე! ამისთვის ბრძოლა ღირს!

ამავე დროს, მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე - ყველა ფრონტზე!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.