"მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო - სანდრას მამამ, ნიდერლანდების სამხრეთით, სასწრაფო დახმარების ნაკრები და რადიო იყიდა, რათა მოახლოებული ომისთვის მოემზადოს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ამის შესახებ შესაბამისი პოსტი სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია, არამედ, არსებულ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასასრული.
ძველი საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვნად შესუსტებულია. ეს კი მთელ მსოფლიოში მრავალ სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს.
ეს ახალი რეალობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პატარა და სუსტი ქვეყნებისთვის და ძირს უთხრის მსოფლიო ეკონომიკას.
ჩინეთი უკვე გახდა ამ ახალი სამყაროს ნაწილი და მომდევნო თვეებში გაცილებით აქტიური გახდება. შეერთებულ შტატებს თავისი პოზიციის გადახედვა მოუწევს. მას უმოქმედოდ დარჩენა არ შეუძლია მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯოჯოხეთისკენ მიემართება.
P.S. სანდრას მამამ, ნიდერლანდების სამხრეთით, სასწრაფო დახმარების ნაკრები და რადიო იყიდა, რათა მოახლოებული ომისთვის მოემზადოს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.