"გასაგებია, რომ გააყალბებენ, მოისყიდიან, დააშინებენ, მაგრამ ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!" - გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"გასაგებია, რომ არჩევნებში შესვლა უსამართლო, უთანასწორო ომში მონაწილეობას ნიშნავს. გასაგებია, რომ გააყალბებენ, მოისყიდიან, დააშინებენ…მაგრამ…ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…
არჩევნების დღე არის ერთადერთი თარიღი, როდესაც ხალხი ძალაუფლებას იბრუნებს და ხმის მიცემის გზით ირჩევს ხელისუფლებას.
თუ ვიღაცა აყალბებს არჩევნების შედეგებს, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი გამყალბებლის დასჯის და არჩევნების რეალური შედეგების აღდგენის სახით.
ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული პირდაპირი დემოკრატიის აქტი და ვერავინ ამას ვერ დაარქმევს “სახელმწიფო გადატრიალებას”. უფრო მეტიც, ეს ჩაითვლება გამყალბებლის მხრიდან სახელწიფო გადატრიალების აღკვეთის აქტად.
შესაბამისად, ხალხის და არა პარტიების გადასაწყვეტია 4 ოქტომბერს გეორგიევსკში მოვაწერთ ხელს ტრაქტატს, თუ დიდგორში ვიბრძოლებთ.
ხელისუფალს სწორედ ის უნდა, რომ საკუთარი ძალის რწმენა დავკარგოთ, მისი უძლეველობის მითოლოგია დავიჯეროთ და წინასწარ დავნებდეთ…" - წერს გია ხუხაშვილი.