ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოქროს მედლის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა.
ფინალში ასპარეზობდნენ: გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია, მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა ბექაური და სოფიო სომხიშვილი.
ორთაბრძოლები მოიგეს: ეთერ ლიპარტელიანმა (იპონით), მარია ჭანტურიამ, მიხეილ ბახბახაშვილმა და ლაშა ბექაურმა (იპონით).
მერვედფინალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი იტალიას 4:0 სძლიეს და ნახევარფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იაპონია 4:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ იაპონიას მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში 2018 წლის შემდეგ არ წაუგია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლით დაასრულეს: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.