მამუკა მდინარაძის კომენტარი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავებაზე - რას აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი?
გამოცხადდნენ კომისიაზე? არა. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არ გამოცხადება დანაშაულია? - კი. ე.ი ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და მათ შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ , - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება.
მდინარაძის თქმით, პოლიტიკური პატიმრობა მაშინ არსებობს, როდესაც ადამიანი უკანონოდ და პოლიტიკური მოტივებით იდევნება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი პროცესი სრულიად არის განსაზღვრული:
„პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასეთი მარტივი არცერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადება კანონით ისჯება. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? თუ ვინმეს უნდა ციხეში თავის შეფარება იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ - არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის. დემონსტრაციულად სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული, რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა, რომ სახელმწიფო არ არსებობს. სახელმწიფოს ჩამოშლა უნდათ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.