პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე აირჩია
პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
გვარაკიძე გენპროკურორის პოსტზე - 83 ხმით, ერთხმად აირჩიეს. მან თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე გვარაკიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. გვარაკიძემ კომიტეტის წევრებს გენპროკურატურის პოსტზე საკუთარი ხედვა გააცნო.
“მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება.
ბოლო წლების სამართლებრივმა რეფორმებმა დადებითი გავლენა იქონია სისხლის სამართლის უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკის აღსრულება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევებისა და საჭიროებების სწორ ანალიტიკას და დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმების ხელშეწყობის უზრუნველყოფას.
პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.