"პირდაპირ გეტყვით..." - იყო თუ არა კომფორტული ზურა ხაჩიძისთვის საჯარო სამსახურში მუშაობა, რას პასუხობს მომღერალი ჟურნალისტს?
მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტის დატოვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან, გუბერნატორმა, რომელთან ერთადაც სამსახურში მივიდა, თანამდებობა დატოვა და თავი ვალდებულად ჩათვალა, თავადაც დაეტოვებინა პოსტი.
ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა კომფორტული მისთვის საჯარო სამსახურში მუშაობა.
"პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, საჯარო სამსახური და პოლიტიკური თანამდებობა რაღაც პრივილეგიებთან ასოცირდება. რეალურად კი ამ საქმეში სირთულეები უფრო ჭარბობს, ვიდრე პრივილეგიები.
ვიღაცებს ჰგონიათ, თუ სახელმწიფო თანამდებობაზე ხარ, სასწაულ კომფორტში ხარ, მანქანები გემსახურება. მე 6 წლის განმავლობაში ჩემი მანქანით დავდიოდი სამსახურში და არავითარი პრივილეგიით არ ვსარგებლობდი.
რაც შეეხება ხელფასს, კონცერტებიდან უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ამ თანამდებობაზე ხელფასი იყო. სიმღერისგან განსხვავებით, ამ სამსახურს უფრო სხვა პასუხისმგებლობა და მიდგომა სჭირდება. პირდაპირ ვეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო სამსახურში ბევრი პრივილეგია არსებობს, რომ რეალურად პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე რაიმე სახის პრივილეგია", - ამბობს ზურა ხაჩიძე.