"ეს არის ძალზე გულწრფელი და მებრძოლი ადამიანია. არ ვიცი, აქტივისტია თუ არა, მაგრამ აშკარად ჩვენს მხარესაა" - რას ყვება ბიჭი, რომელსაც გათავისუფლების შემდეგ იზოლატორთან იმ მოსამართლის და დახვდა, ვინც პატიმრობა მიუსაჯა?
23 ივნისს საბა ბაღდავაძემ იზოლატორი დატოვა. მას ადგილზე ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ. მათ შორის იყო საბას ვერდიქტის გამომტანი მოსამართლის მანუჩარ ცაცუას და - ელენე ცაცუა. საბას მეგობრების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მათი ემოციური ჩახუტება.
"საბას იზოლატორთან დახვდა მანუჩარ ცაცუას და, ანუ იმ “მოსამართლის”, რომელმაც საბა 30 დღით ჩასვა. ტირის ისე უხარია საბას გამოსვლა", - დაწერა გელა ხასაიამ, რომელმაც ამ შეხვედრის ფოტოც გამოაქვეყნა.
ambebi.ge საბა ბაღდავაძეს ესაუბრა:
"ელენეს აქამდე არ ვიცნობდი. რამდენიმე დღის წინ ჩემთან იზოლატორში შემოვიდა ადვოკატი და გადმომცა ელენეს ამანათი (საკვები, ტკბილეული...) და წერილი - ძალიან, ძალიან საყვარელი წერილი იყო. სახელ-გვარს რომ დავაკვირდი, გამიკვირდა, ვერ მივხვდი, ვინ იყო. გაირკვა, რომ იყო მოსამართლე მანუჩარის და. ამას მართლა არ მოველოდი... წერილში ელენე მამხნევებდა, თბილ სიტყვებს მწერდა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მინდა მადლობა გამოვხატო მის მიმართ. ეს არის ძალზე გულწრფელი და მებრძოლი ადამიანია. არ ვიცი, აქტივისტია თუ არა, მაგრამ აშკარად ჩვენს მხარესაა. არც ის ვიცი, ოდესმე ვაპატიებ თუ არა ბატონ მანუჩარს, თუმცა ზუსტად შემიძლია იმის თქმა, რომ მისი და არის საოცარი ადამიანი და სასურველია, ძმამ მიბაძოს რაღაც-რაღაცებში. იზოლატორიდან გამოსვლისას ელენეს პირველად შევხვდი. როგორ არ უნდა ჩაეხუტო მსგავს ადამიანებს, ვერ ვხვდები... მან ისევ და ისევ გამამხნევა, მეც გავამხნევე, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, ძალიან, ძალიან გამახარა ამ გულწრფელმა ადამიანმა. ალბათ გავაგრძელებთ ურთიერთობას, მართალი ადამიანები, სწორი კომუნიკაციები დიდი მონაპოვარია, ყოველთვის ამისკენ ვისწრაფვი და რატომაც არა? რა თქმა უნდა, მას თუ ექნება ამის სურვილი, მის გვერდით ვიქნები. საოცრად ძლიერი ადამიანია... განსაკუთრებული ემოციები მაქვს მისდამი და თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც გვერდში დამიდგა და ემპათია გამოხატა, ყველასი მადლიერი ვარ, ვინც გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა, ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. მინდა, ყველა გავსრისო ჩახუტებით (იცინის).
აქ ვარ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ბრძოლა გრძელდება... რა სჯობს იმას, როცა შენს გარშემო სიყვარულის ბევრი აფეთქება ხდება. ამ დროს მოტივაციაც იზრდება. მოკლედ, გავიმარჯვებთ სიყვარულით, ერთად ყოფნით და სიმართლით." განაგრძეთ კითხვა...