"აქამდე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს" - რა თქვა გივი თარგამაძემ დაკავებამდე ერთი დღით ადრე პირდაპირ ეთერში?
"მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ დაპატიმრების – ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, კიდევ. ამ წუთას, მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოსი.
იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, რა ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს" - ამის შესახებ გივი თარგამაძე დაკავებამდე 1 დღით ადრე "ფორმულას" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გუშინ დააკავეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.