ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ექიმები. პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის"ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ლემონჯავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ, დღევანდელი პრეზენტაცია ვერ ჩატარდება. მისი განმარტებით, პრეზენტაცია მაშინ გაიმართება, როდესაც ამას პოლიტიკოსი ფიზიკურად შეძლებს.
"მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, სამედიცინო კონსულტაცია, თუმცა პრეზენტაციის ჩატარება, სამწუხაროდ, დღეს ვერ მოხერხდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, თუ როდის იქნება ეს პრეზენტაცია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამაიანს, ვინც ამ პრეზენტაციის მოსასმენად აქ მოვიდა და მინდა მივცე სიტყვა, რომ ამ პრეზენტაციას ისინი მოისმენენ, როგორც კი ელენე ამას ფიზიკურად შეძლებს. ელენეს წნევა ჰქონდა მომატებული. მიიღო წნევის დამწევი შესაბამისი მედიკამენტი. ამჟამად მისი მდგომარეობა არის ნორმალური",- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.