უკრაინაში გარდაცვლილი ვანო ნადირაძის დედა მიმართვას ავრცელებს
უკრაინაში გარდაცვლილი ვანო ნადირაძის დედა ანა მაღრაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ჩვენო გულშემატკივრებო, მე აქ წავიკითხე, რომ წყენას გამოხატავთ, ვანოს საპატიო ყარაულით არ დახვდნენო, მე ამას არც მოველოდი და არც მწყენია. რაც მთავარია, თქვენ ყველა ღირსეულო ადამიანებო, ვინც იქ დახვდით, ჩემს ღირსეულ შვილს ღირსეულად, ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი იყავით, ყველას დიდი მადლობა.
მისმა თანამებრძოლებმა, სწორ მხარეს მდგარმა ხალხმა ხელით, საკუთარი მხრებით, საკმაო მანძილზე გამოიყვანეთ ჩემი შვილი და სახლამდე ცრემლით მოაცილეთ ყველამ ერთად
ჩემს მართალ გმირ შვილს დახვდა მართალი, საკმაო რაოდენობის ხალხი, გულწრფელი გულშემატკივრები, რომლებიც ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი ხართ.
ვიმეორებ, მე საპატიო ყარაულს არც მოველოდი და არც მჭირდებოდა. უკრაინამ ღირსეულად გამოაცილა ჩემი გმირი შვილი და თბილისის ლასარეს ტერმინალზე უამრავი ღირსეული ხალხი დახვდა ჩემს ღირსეულ გმირ, მამაც, შეუპოვარ შვილს.
ის იბრძოდა საქართველოში და უკრაინაში გმირულად. მადლობა ამისთვის ჩემს ვანოს და თქვენ - ყველას, ვინც იცით ასეთი გმირების ფასი" - წერს ანა მაღრაძე.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე საქართველოში 28 ივნისს ჩამოასვენეს. ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.