ვინ ესწრებოდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და რა განაცხადა რობინ დანიგანმა? - ფოტოები ღონისძიებიდან
თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება იმართება, რომელზე დამსწრე საზოგადოებასაც ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა მიმართა.
"დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს, ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ამერიკელი და რას ნიშნავს სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით. წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას.
ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო - დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო“, - განაცხადა მან.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ სურს მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც თავისუფლებისთვის უმაღლეს ფასს იხდიან.
"ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე: ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან, და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ, საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა დავიცვათ იგი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. მე ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ.
ვსაუბრობთ რა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე, მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს საოცარ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის დღევანდელი ზეიმის ორგანიზებისთვის. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს USAID-ის გუნდს და მადლიერებით აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ჩვენს სპონსორებსაც სჯერათ ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ძალის.
როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ, 33 - წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას.
იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულები და სახლები, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა ყველას მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები, და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლის რწმენას და მის მხარდაჭერას.
დასასრულს, მსურს მოგიწვიოთ სადღეგრძელოზე - გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ.
დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა! გაუმარჯოს!"- განაცხადა მან.
"დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც "რადიკალებად" იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან", - განაცხადა მან.
ამასთანავე, ელჩის თქმით, საქართველოში პროფესიული საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველები დემოკრატიის დასაცავად აკეთებენ და ასევე ნახა განსხვავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანების ერთობლივი, მშვიდობიანი თანაცხოვრება.
"ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე, უამრავი ქართველის დიდი ძალისხმევა დემოკრატიის დაპირების შესასრულებლად. მე ვნახე რელიგიის თავისუფლება თბილისის გულში, სადაც ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების მშვიდობიანი თანაარსებობა ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთებისა და შემწყნარებლობის მკაფიო გამოხატულებაა.
მსმენია ზოგიერთისგან, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში. მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, თუ როგორ დაეხმარა მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველა მათგანი მეუბნებოდა, როგორ შეცვალა უკეთესისკენ მათი ცხოვრება ამერიკასთან თანამშრომლობამ.
2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. როდესაც რუსული ტანკები უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა იმიტომ, რომ სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში. მე შევხვდი უამრავ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სამედიცინო მკვლევარსა თუ სამართალდამცავს, რომლებიც ამერიკელ კოლეგებზე საუბრობენ, როგორც თავიანთ ძმებზე და დებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ ქართველებისა და ამერიკელების ცხოვრება, რათა ორივე ქვეყანამ შეასრულოს დემოკრატიის დაპირება“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ახლაც საქართველოში ბევრი ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან.
"ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე: ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან, და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის.
ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც "რადიკალებად" იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან", - განაცხადა დანიგანმა.