რამდენი ლარით დაჯარიმდება ქვეითი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის?
ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კერძოდ, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება.
ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის 10 ლარის ნაცვლად, დაჯარიმა 50 ლარი იქნება. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.
იგივე ქმედება თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.