ოპოზიციური პარტიები “კოალიცია ცვლილებისთვის” და "ლელო", მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას პასუხობენ
ოპოზიციური პარტიები “კოალიცია ცვლილებისთვის” და "ლელო", მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას პასუხობენ, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აპირებს არც შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
“ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ კრიმინალურ, პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების გზა და ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე.
ბოლომდე!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით."
ირაკლი კუპრაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენი პასუხი მარტივია, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედვად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და შესაბამისი წესების მიხედვით, რითაც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ, მე, როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაგფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშივლის შიშების დემონსტრირება, რომ მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ყველა ველზე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, "ლელო-ძლირი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან პატიმრობაში. ხაზარაძე და ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.