რა წერია წერილში, რომელიც თორნიკე რიჟვაძემ სავარუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა - "მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს"
ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს იმ წერილის შინაარსს, რომელიც მათი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
"ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.ასევე ცნობილი გახდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის შსს-მ ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანი დააკავეს. სწორედ მის სახლში იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძე, როდესაც ის მძიმედ დაიჭრა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ თვითმკვლელობა სცადა.