ამ წუთებში რიჟვაძესთან, კლინიკაში ირაკლი ღარიბაშვილი ცოლთან ერთად მივიდა - კადრები ადგილიდან
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. ის კლინიკაში მეუღლესთან ერთად იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.