თბილისში 19 ივლისს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა 19 ივლისს საპროტესტო აქცია- მსვლელობას დააანონსეს. ამის შესახებ მათ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
კერძოდ, 19 ივლისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე გაიმართება.
მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ, რომელმაც ბოიკოტში მყოფი პარტიების სახელით გააკეთა განცხადება, მიმართა მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ მათი წინააღმდეგობის აქცია-მსვლელობას.
„ჩვენ, აქ შეკრებილი რვა პოლიტიკური პარტიის (და სამოქალაქო ორგანიზაციების?) წარმომადგენლები:
ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას;
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის “არჩევნებად” წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე;
ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა;
მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას;
“ქართული ოცნება” ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს;
ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს;
ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც;
სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას;
ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის.
ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს!
უარი რუსულ სპეცოპერაციას!
ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
სტუდენტმა ლუკა ხიზაძემ განაცხადა, რომ სტუდენტები ირჩევენ წინაამღდეგობისა და რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლის გზას.
"რეჟიმის პირობებში ჩატარებულ ფარსს არასდროს ერქმევა არჩევნები. 4 ოქტომბერს "ქართული ოცნება" გეგმავს რუსულ სპეცოპერაციას ყველა სუბიექტი, ვინც მიიღებს მონაწილეობს ამ ფარსში, გადაუხვევს წინააღმდეგობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გზას. სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" რეჟიმს ჩამოვშლით. ეს იქნება ერთიანი მასშტაბური კამპანია, რათა არალეგიტიმური ხელისუფლება კვლავ სრულ იზოლაციაში ვამყოფოთ. 19 ივლისი, 7:00 საათზე, გაიმართება მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე. ნამდვილი არჩევნები ჩატარდება, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ხელუაფლებას ჩამოვშლით", - განაცხადა სტუდენტმა.
მოქალაქეებს მიმართა აქტივისტმა ტატო ქელბაქიანმაც, მან მოუწოდა მოქალაქეებს მივიდნენ 19 ივლისს აქციაზე - "არა ფარსს! არა რუსულ სპეცოპერაციას! არა რეჟიმთან თანამშრომლობას!".
"ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, ამ საზოგადოების წევრები, ვინც უკვე ნახევარ წელზე მეტია ვიბრძვით ქუჩაში, პროტესტის წინა ხაზზე — ვრჩებით ერთგული საზოგადოების სამართლიანი ბრძოლის, პოლიტპატიმრების გმირობის და იმ ღირებულებების, რომლებზეც დგას თავისუფალი საქართველო. ჩვენ არ ვურიგდებით, არ ვვაჭრობთ და არ ვთანამშრომლობთ რუსულ რეჟიმთან. ვაცხადებთ კატეგორიულ უარს მის დაგეგმილ ე.წ. „არჩევნებზე“, რომლებიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ამ ძალადობრივი სისტემისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ვინც დღეს საპყრობილეშია, მათ თავიანთი თავისუფლებით დაიცვეს ამ ბრძოლის ფასეულობები. ჩვენი ვალია — ვიაროთ ბოლომდე, უკომპრომისოდ, სანამ მათ არ დავიხსნით ამ ტყვეობიდან. რუსული რეჟიმი კრიზისშია, მიმდინარეობის შიგნიდან ლპობის პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ის დარჩეს სრულ იზოლაციაში — ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა ქელბაქიანმა.