რას ამბობს ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. შესაბამისი განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მედიასთან გააკეთა.
ლევან რატიანის თქმით, პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ - კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა, პროტოკოლის გათვალისწინებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.