თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილი მოხდა.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში საჰაერო გზით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს.
"დიახ, გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა იძლეოდა ამის საშუალებას, სტაბილური იყო. საჰაერო გზით გადაიყვანეს. მისი თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო. ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები, შემდეგ ჩამოყალიბდნენ და ღამე 02:00 საათზე გადაიყვანეს",- განაცხადა ტურძელაძემ.
ცნობისთვის, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამის შემდეგ იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.