"მნიშვნელოვანი და სასარგებლო გადაწყვეტილება!" - კონსტანტინე ზარნაძე სიახლის შესახებ, რომელიც 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება
სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი გამგეობების ვალდებულება ხდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მნიშვნელოვანი და სასარგებლო გადაწყვეტილება! სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი გამგეობების ვალდებულება ხდება!" - წერს ზარნაძე.
თბილისის საკრებულოში სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცობით, შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე იმსჯელეს, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იმ პროცედურებს გაეცნენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.