"მერე რა, რომ ახლა ოპოზიციაშია...საგანგაშო ისაა..." - რას წერს რომან გოცირიძე?
რომან გოცირიძე ოპოზიციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
"ერთსა და იმავე გზას გავდივართ, კიდევ კარგი, ერთ წრეზე არა, სპირალურად, მაგრამ მოსახვევებში ვიმეორებთ იგივეს( შეცდომებს). თაობები იცვლება, თემები იგივეა. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული დღემდე გვესმის ნაცნობი სიტყვები, რომელიც მხოლოდ სიტყვები არაა, ისეთი სიტყვებია, რომელიც ძალას იძენს. ამ ძალამ შეიძლება ფანჯრიდან გადმოგაგდოს ან ციხეში ჩაგკეტოს. ლეგიტიმური-არალეგიტიმური, ბოიკოტი-არაბოიკოტი, მოღალატე, კოლაბორანტი, კრემლის აგენტი ან უბრალოდ აგენტი( ამერიკის აგენტობაც დაემატა კრემლისას). აგერ, “დიპ სტეიტიც” გაჩნდა. წინათ მხოლოდ ებრაულ მსოფლიო შეთქმულებაზე და მასონებზე უყვარდათ საუბარი ყველაზე ბნელ( შეიძლება ნაკითხ) წრეებში. ახლა სერიოზული პოლიტიკის დღის წესრიგში დგას.
პროდასავლური, ეროვნული კლასი თითქოს გაიზარდა. მერე რა, რომ ახლა ოპოზიციაშია. ეს ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საგანგაშო ისაა, რომ ოპოზიციაში უდგას არა განსხვავებული ხედვების მეორე ოპოზიციურ ეროვნულ ძალას, არამედ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას უკან, რუსეთში აბრუნებს.
ოპოზიცია გაიზარდა და ვერც გაიზარდა. ეროვნული მოძრაობის პირველი დღიდან ყველას პირადად ვიცნობდი და ვიცნობ, ისევე როგორც ყველა თემას. ცუდად ვახდენთ წარსულის გადააზრებას, ცუდად ვსწავლობთ შეცდომებზე და გამარჯვებებზე.
რატომ ვწერ ამას? გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაწყვეტი გიორგი ყარუარაშვილის მოგონებათა წიგნიდან. არ მქონდა წაკითხული. ამ ნაწყვეტმა გამახსენა რა საშინელი დრო გამოვიარეთ. პირადად მე რა წარმოუდგენელი ბრძოლის გადატანა მიწევდა მონსტრებთან რეფორმების დასაძრავად.
თუ რა საკითხს ეხება ეს მოგონება არ მახსოვს. ასეთი რამ მთავრობის თითქმის ყველა სხდომაზე ხდებოდა. კიდევ უფრო მწვავე იყო შეჯახება მაშინ, როცა შევარდნაძე გახდა მთავრობის მეთაურიც( პრეზიდენტობასთან ერთად), რამაც საბოლოოდ განაპირობა ჩემი ოპოზიციაში წასვლა.
ნახეთ ამონარიდი(მადლობა ჯიმშერ რეხვიაშვილს მის მოძიებისათვის):
"12 საათი ხდებოდა. როგორც მისაღებში თქვეს, რამდენიმე წუთში მთავრობის სხდომა უნდა დაწყებულიყო. ცოტა აღელვებულები ჩანდნენ. დროებით მთავრობას საკუთარი ვიცე-პრემიერი ეურჩებოდა და უტევდა: რომან გოცირიძე მთავრობის სხდომაზე ახალი საკითხის გატანას აპირებდა ქვეყნის საფინანსო, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსაყვანად, რაღაც ახალს სთავაზობდა და საკუთარი გეგმის დამტკიცებას ითხოვდა. სამდივნოში, სადაც ყველა ამბავი იყრიდა თავს, გოგოები მღელვარებას ვერ მალავდნენ. მათი ასეთი აფორიაქება ძალიან მიკვირდა. ხალხს, რომელიც გადატრიალების მოწყობას არ მორიდებია, რომან გოცირიძის მოხსენება აშინებდა!
12 საათისთვის რიგრიგობით გამოჩნდნენ ჯერ სიგუა, მერე კიტოვანი. გულთბილი მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ მოულოდნელად მთავრობის სხდომაზე შესვლა და მასში მონაწილეობა შემომთავაზეს. მალევე მივხვდი, რომ სხდომაზე ჩემი დასწრება მხოლოდ გოცირიძის „გასანეიტრალებლად“ და მისი აქტიურობის შესაჩერებლად იყო საჭირო”.
ალბათ მომიწევს პერესტროიკიდან დღემდე ისტორიის დაწერა".