ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გრძელდება ხელისუფლების მიერ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად“.
„ევროპარლამენტი კვლავ მზადაა დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში; მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეები აკონტროლებენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.