"მინდა ვთხოვო ყველას" - მოშიმშილე მაღაროელის, თემურ მოდებაძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
მოშიმშილე მაღაროელის, თემურ მოდებაძის მეუღლე ელისაბედ კაციტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"ძნელია უყურებდე შენს ახლობელ ადამიანებს და მეგობრებს, რომლებსაც უკანონოდ აპატიმრებენ და ვერაფერს აკეთებდე მათ საშველად.
ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე.
ბოლო 4 თვეა ვუყურებ უწყვეტ ბრძოლას.
იმ ღამეს როცა ბიჭები დაიჭირეს მეც კარავში ვიყავი ჩემს მეუღლესთან და რამდენიმე ქალბატონთან ერთად, როგორც კრიმინალებთან ისე შემოცვივდნენ და წაიყვანეს ბიჭები. ალბათ ყველაზე საშინელი ღამე იყო ჩვენს მეხსიერებაში, ის მოულოდნელი შიში და განცდები ამ სცენის გამო, რაც ერთად ვნახეთ, დღემდე არ გამნელებია.
ოთხი თვეა გარეთ ვართ და ვეძებთ სამართალს. პასუხის გამცემი არავინ ჩანს.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბიჭები არ იბრძვიან პირადი სარგებლისთვის ან ინტერესებისთვის, ამ ბიჭებმა თავი გადადეს სიმართლისთვის, ქალაქისთვის და მეგობრებისთვის.
მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც შესწევს ძალა დაგვეხმაროს, დაგვეხმარეთ!
აქ ჩვენთან, ჭიათურაში ბევრად საშინელი რეალობაა ვიდრე შორიდან გეჩვენებათ. აღარ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ.
ვინც ამ პირობებში მაღაროში მუშაობთ, დაფიქრდით რად გიღირთ ასეთი მუშაობა. შეგიძლიათ ამ ყველაფერზე თვალი დახუჭოთ?" - წერს ელისაბედ კაციტაძე.