"ხალხმა ცუდად მიიღო - არ გვეგონა, თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა" - რას ამბობს ატმის შეღებვის ვიდეოში მონაწილე პირი
სოციალურ ქსელში გავრცელებული ატმის შეღებვის ვიდეოში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ გამოკითხა.
ინციდენტის ადგილზე, იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები, სადაც მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს , რომელიც მეპატრონის მტკიცებით, დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს.
თავად ვიდეოს ავტორები აცხადებენ, რომ ატამი „ტიკ-ტოკზე“ განთავსების მიზნით შეღებეს, რომელიც ვიდეოს გადაღების შემდეგ გადაყარეს.
"წლებია ამ სფეროში ვართ. ფერმერები ვართ და ატმის ბაღები გვაქვს. მოკრეფილი ხილი ხარისხდება და ირჩევა. დაზიანებული ხილი კი იყრება. სწორედ ასეთი დაზიანებული ხილი ხუმრობის მიზნით შევღებეთ და ხალხმა ცუდად მიიღო. ცუდი ხუმრობა გამოვიდა. არ გვეგონა, თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, თორემ ყველამ იცის, რომ მომწიფებულ ატამს ისედაც წითელი ფერი აქვს", - ამბობს გიორგი უტიაშვილი (ვიდეოს ავტორი).
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.