"დღეს დილას მე და სალომეს დაგვხვდნენ სადარბაზოსთან და უსირცხვილოდ იმეორეს ორივეზე ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხართ და უნდა გადაგამოწმოთო" - რა ვიდეოს აქვეყნებს ზუკა ბერძენიშვილი
ზუკა ბერძენიშვილი წერს, რომ მას და სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილს სახლთან პოლიცია დახვდა და ნარკოტიკულ საშუალებაზე გადამოწმება მოსთხოვეს.
"დღეს დილას მე და სალომეს დაგვხვდნენ სადარბაზოსთან და უსირცხვილოდ იმეორეს ორივეზე ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხართ და უნდა გადაგამოწმოთო.
სულ ერთი წუთით რომ მოვისულელოთ თავები და ამ ვერსიის ანალიზში შევყვეთ: სახლში მარტოები ვართ, არც გუშინ და არც დღეს მანამდე გარეთ არ გავსულვართ (კამერებიც ადასტურებს), ერთადერთი ვარიანტი რჩება, რომ ერთდროულად და ერთმანეთის უჩუმრად დავრეკეთ პოლიციაში და გავაფრთხილეთ, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ გამოვდიოდით სახლიდან და დაგვხვედროდნენ. და ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ კი, ოპერატიული ინფორმაცია გვაქვსო, ოღონდ, ტყუილი რომ აღმოჩნდება ეგ ინფორმაცია (რის დასამტკიცებლადაც თვითონ ჩავიტარეთ ტესტი), ეგ გვკიდია და არც ცრუდასმენას გამოვიძიებთ და არც იმას, რომ თვითონ ვიტყუებით და სინამდვილეში ივანიშვილი რომ არ გიყვართ მაგას გედავებითო, თავებს ხომ არ დაისჯიან.
საქართველოში ნარკოპოლიტიკა, ცხადია, ყოველთვის იყო და არის რეპრესიის და შევიწროვების საშუალება და არავითარ ზრუნვასთან ან ზიანის შემცირებასთან საერთო არასდროს ჰქონია. ის არის ზოგადად მოსახლეობის ჩაგვრის და კონტროლის მექანიზმი, რასაც მით უმეტეს ენთუზიაზმით იყენებენ “პოლიტიკურად პრობლემატური” მოქალაქეების წინააღმდეგ. პოლიტპატიმრების იმ ნაწილს, ვისაც დანა და ქვა ვერ ჩაუმონტაჟეს ხელში, ნარკოტიკი ჩაუდეს…აქ იმ სასამართლოზე მივდიოდით, რომელმაც საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ფორმიანი კრიმინალები კი აგრძელებენ საქმიანობას, ისევდაისევ: აბა თავებს ხომ არ დაისჯიან." - წერს ზუკა ბერძენიშვილი.