"ისე, დიდად არ მწყინს, რადგან ის ხალხიც ჩემი მაისურების და სათვალეების გამო ჯვარს რომ მაკრავდნენ, საბოლოოდ კრიმინალებს, აგრესორებს და მოძალადეებს ეთაყვანებიან" - რას წერს პეტრე კოლხი კანადიდან
პეტრე კოლხი კანადიდან პოსტს აქვეყნებს სათაურით - "ემიგრანტი მღვდლის დღიური":
ყველაზე მეტად უსამართლობის განცდა განადგურებს…როდესაც იცი, ეკლესიას როგორი გარეწრები აფარებენ თავს და ანაფორის ქვეშ ათას სისაძაგლეს ფუთავენ, შენ იძულებული ხარ, იმოტომ, რომ რეჟიმს და მასზე მიყიდულ ეპისკოპოსებს არ აწყობს შენი არსებობა, იწანწალო დედამიწის გარშემო…
ისე რა მაქვს საწუწუნო, ჯეკ კერუაკის ,,გზაზე”, აგრეთვე იგივე ავტორის , "დჰარმის მაწანწალები” და ჯონ კრაკაუერის ,,ველურ გარემოში”, ჩემი ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა…ცხოვრება, როგორც შანსი ერთხელ გეძლევა და ერთხელ ადამიანად ყოფნის პერიოდში, ყველა რაკურსით თუ არ დააკვირდი საკუთარ თავს, ვერ მიხვდები, ვინ ხარ სონამდვილეში… საზოგადოების მიერ შექმნილი მრავალსახიანი ნოღბებიდან უნდა გამოძვრე და საკუთარი თავის პირისპირ, შიშვლად დადგე… რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგაქებს, ვის არ მოეწონები… ამაზე ფიქრი, მით უფრო დარდი, დროის ყველაზე ფუჭად გამოყენებაა…მე ის გზა მომეცა, რომელიც ერთგულად დამიდგება მხარში, ადამიანად ჩამოყალიბდე, ალბათ ეს არის განღმრთობა, დრომოჭმული რიტუალების და ადამიანების დაზომბორებისთვის შექმმილი დოგმების გარეშე…
ახლა კანადის, საცალფეხო ბილიკის აღმართზე ვარ და ტბას უნდა ვესტუმრო…არადა, ეს გზაც ერთი მონაკვეთია, ისევ საკუთარ თავთან მისასვლელად… დაბადებიდან ხეტიალი აჩრდილივით ამეკიდა. ისეთი საინტერესო პერიოდები გავიარე, ასეთ ცხოვრებაზე, ალბათ ყველა გონიერი იოცნებებდა…სტუდენტობის პერიოდი, უმეტესად იატაკზე ვიწექი. ,,დიდობაში” (მაგრამ არასდროს მინდა ისეთი დიდი , გავიზარდო”, იატაკზე წოლა მეუხერხულოს, ან დამავიწყდეს) სრულყოფილი საწოლი რომ მეღირსა, პირველი დღეები მაინც იატაკზე გავიშხალრთებოდი და შორიდან შევყურებდი, რომ თავი შემემზადებინა ახალი ეტაპისთვის… მაგრამ ღვთაებრივი სიზმრების ხილმა, სანატრელი გამიხდა… მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც დავკარგე, რაღაც საინტერესო გამიქრა…ახლა, როცა კანადის მთის წვერზე, ნაძვის ხის ქვეშ ვისვენებ და აღმარს დაღლილი შევყურებ, საკუთარ თავს შორიდან ვაკვირდები, სად შეიძლება ხვალ მიწვეს და გამოიძინოს… ეს არის ყველაზე ღირებული, როცა მათემატიკური სიზუსტე ვერ ხსნის შენს მომავალს და ის აღარც შენ გეკუთვნის…იესოც ასე იყო, მას მთელი სამყარო ეკუთვნოდა, მაგრამ ხშირად თავშესაფარს ვერ პოულობდა…როდესაც საკუთარი თავი ყველა გამოწვევების დროს ერთგულად გიდგას გვერდით, ამაზე ორგანული თავშესაფარი ძნელია სადმე აღმოაჩინო… სულ არ ვაპირებდი ამ თემებზე საუბარს, მაგრამ ემოციას მოყვა…ჰოდა, რა ეშველება იმ ეკლესიას, რომლის მსახური ანაფორიანი ყაჩაღები პეტრეს ქვეყნიდან გააქცევენ და ადამიანთა სულებს მგლებს აბარებენ… ისე, დიდად არ მწყინს, რადგან ის ხალხიც ჩემი მაისურების და სათვალეების გამო ჯვარს რომ მაკრავდნენ, საბოლოოდ კრიმინალებს, აგრესორებს და მოძალადეებს ეთაყვანებიან, რადგან ფარისევლების ,სულიერება” თვალში საცემია, ჩემი კი, ისე ღრმად არის, თუ თვალსაწიერი არ გყოფნის, ვერასდროს ჩაწვდები… ჰოდა, ასეთი ადამიანები რომ მდევნიან, სასჯელი კი არა, ჯილდოა, ფასდაუდებელი…მე ნუ დამინახავენ, მთავარია, რელიგიაში გახვეული ბოროტება დაინახონ და გააპროტესტონ… მეცოდება შაგრენის ტყავივით ნაკუწებად ქცეული ჩემი ქვეყანა, მუქთახორების ხელში…წავედი, მთის თავზე ტბა მელოდება, ამბობენ ისეთი სუფთაა, მომავალსაც გაჩვენებსო…ჩემი მომავალი მაინც ჩემ სამშობლოზეა მიბმული, რიგორც ქართველი ერის ისტორია ქრისტეს კვართზე !" - წერს პეტრე კოლხი.