loader

"სადაც შესაძლებლობაა, ივანიშვილის სტრუქტურას ერთი კიდური მაინც მოატეხო, ეს უნდა გააკეთო, ვინც მზად არის ბრძოლისთვის, ვიბრძოლოთ! – 2024 წელს პარლამენტიდან გამოვედით, ხომ დავაკოჭლეთ?" - ირაკლი კუპრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადაც შესაძლებლობაა, ივანიშვილის სტრუქტურას ერთი კიდური მაინც მოატეხო, ეს უნდა გააკეთო, ვინც მზად არის ბრძოლისთვის, ვიბრძოლოთ! – 2024 წელს პარლამენტიდან გამოვედით, ხომ დავაკოჭლეთ?" - ირაკლი კუპრაძე

სადაც არის შესაძლებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სტრუქტურას ერთი კიდური მაინც მოვატეხოთ - ეს უნდა გააკეთო! უნდა იბრძოლო! ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გული გვერჩის და ვიბრძოლებთ, ვინც მზად არის ამ ბრძოლისთვის, მოდით და ერთად ვიბრძოლოთ!, – ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კუპრაძის განმარტებით, „ლელო - ძლიერი საქართველო” სხვა ოპოზიციონერ კოლეგებს თვითმმართველობის არჩევნებში „ნეიტრალურ კანდიდატად” - სალომე ზურაბიშვილს სთავაზობდა.

„ამ 13 წლის განმავლობაში ოპოზიცია არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო. ეს გამოიხატება მხარდაჭერაში, რომელიც კვლევების მიხედვით ოპოზიციას აქვს. ასეთი დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიცია არასდროს ყოფილა. ოპოზიცია დანაწევრებულია, ერთმანეთან საუბარი გვიჭირს. ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით შეთანხმების მიღწევას, ყოველი დღე, როცა ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვამბობდით, დრო მიდიოდა. ყოველი დღე ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობდა, თუმცა იმდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა ერთობის საკითხი, რომ ერთიანი პოზიცია გვქონოდა, ჩვენ კომპრომისებისთვისაც მზად ვიყავით და კომპრომისული შეთავაზება დავდეთ. მაგალითად: თბილისის ვერსია, ნეიტრალური კანდიდატის ვერსია და ა.შ. [ოპოზიციონერ კოლეგებს] ნეიტრალურ კანდიდატურას ვთავაზობდით, მათ შორის, ჩვენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ვთავაზობდით. ჩვენ ყველას კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ მე სხვისი სახელით არ ვილაპარაკებ. ვფიქრობ, რომ ერთიანობის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ თანახმა იქნებოდა. იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთობას ეძებს, რაც მისი მხრიდან სწორია და ამაში ჩვენ სალომე ზურაბიშვილს არ ვაკრიტიკებთ. თბილისის საკრებულო შედგება 50 დეპუტატისგან, შეთავაზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ 25-კაციანი პროპორციული სია, რომელიც განაღდებულ მანდატებს ნიშნავს, ჩვენ ვამბობდით, რომ ამ ველზე არცერთი პარტიული პირი არ ყოფილიყო, არამედ საზოგადოებრივი სახეები [ყოფილიყვნენ]. კერძოდ, ის პირები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ისინი არიან მოუსყიდველი, მებრძოლი, კომპეტენტური“, - განაცხადა კუპრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, თუ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში მყოფი სხვა პარტიებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ამ შემთხვევაში, კუპრაძის მტკიცებით, ისინი „გამარჯვების თამაშს ითამაშებდნენ“.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ ისეთი რაღაცები იკადრა, გამარჯვების, გარდატეხის მოლოდინი გაჩნდა. 2024 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი იკადრა, ვიდრე მანამდე. უფრო ღია დაპირისპირებაში დასავლეთთან შევიდა და მათ [მოქალაქეების] მხარდაჭერა უფრო მეტად დაკარგეს. ამ ვითარებაში მეუბნები: „მოვრჩი, გავიბუტე, კაპიტულაციას ვაცხადებ“ და უმნიშვნელოვანეს რესურსზე უარს ამბობ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ქვეყანაში იმის თქმა, რომ „არჩევნები გაუქმებულია“, არის შეცდომა. ხელისუფლება სახელმწიფოებში ორი გზით იცვლება, ან არჩევნების გზით, ან რევოლუციის გზით. როცა ამბობ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, რევოლუციას აწყობ?! რევოლუციის შესაძლებლობებს ამ ქვეყანაში ხედავ? [არჩევნებში გასვლის მიზანია] ბიძინა ივანიშვილის დაზიანება. ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილს კონსოლიდაციის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. რატომ არის პარლამენტი კოჭლი? - რადგან ყველა ერთად პარლამენტიდან გამოვედით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიბრძოლოთ. [ოპოზიციას] ერთად, რომ გვებრძოლა მართლა გამარჯვების თამაშს ვითამაშებდით. ჩვენ შეგვიძლია მართლა დავაკოჭლოთ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება, როგორც პარლამენტში მოვიქეცით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბების პირობებში მოვიგეთ? - ვერა. შემდეგ პარლამენტიდან გამოვედით და [ბიძინა ივანიშვილი] ხომ დავაკოჭლეთ?“, - აღნიშნა კუპრაძემ.

წამყვანის კითხვაზე: თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობის შემდეგ იტყვით, რომ საკრებულოებში აღარ შეხვალთ? და ამის გამო მიდიხარ არჩევნებში? - უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია“.