"ერთ-ერთი მთავარი და რთული დაავადებაა, მაქსიმალური აქტივობა ახასიათებს ზაფხულის განმავლობაში" - ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს
ბორელიოზს, ე.წ. ლაიმის დაავადებას მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში ახასიათებს, რომლის გადამტანიც ტკიპაა - თუ ტყის პირას გადიხართ, ან მინდორში, სახლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად დაათვალიერეთ კანი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ტკიპის კანიდან მოშორებას თავისი წესები აქვს, რის გამოც, სასურველია აღნიშნული პროცედურა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდეს.
ბორელიოზისთვის კი დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, დაღლა და სხვა.
„ერთ-ერთი მთავარი და რთული დაავადებაა, რომელიც ტკიპას გადააქვს, ეს არის ბორელიოზი, ე.წ. ლაიმის დაავადება. ბორელიოზის მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში აღინიშნება. თუ ტყის პირას გადიხართ, ან მინდორში, აუცილებელია სახლში დაბრუნების შემდეგ დაათვალიეროთ ბავშვის, ან მოზრდილის კანი.
ტკიპა ნეგატიურ ზემოქმედებას ავლენს კანზე მიკვრიდან 36 საათის შემდეგ. ტკიპის ზემოქმედება იწყება მას შემდეგ, როდესაც კანს ეკვრის, შემდეგ გამოწოვს სისხლს და ტკიპას კუჭ-ნაწლავიდან ხდება სანერწყვე ჯირკვლებში დაავადების გამომწვევის გავრცელება. კანის დათვალიერება აუცილებელია, როდესაც ბავშვი მინდვრიდან ან ტყიდან სახლში დაბრუნდება. ტკიპის სწორად მოშორებას თავისი წესები აქვს, კარგი იქნება, თუ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავთ, ექიმმა უნდა შეასრულოს ტკიპას მოშორების პროცედურები“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, კიდევ ერთი დაავადების ჯგუფი, რომლის სიხშირეც ზაფხულში მატულობს, კვებით ინტოქსიკაციაა.
„ამ ყველაფრის უკან პროდუქტის არასწორი შენახვა და მომზადება დგას. რძის პროდუქტები და ხორცპროდუქტები შენახული უნდა იყოს მაცივარში. მისი მოხმარება უნდა მოხდეს მაცივრიდან გამოღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. ეს არის ის უსაფრთხო პერიოდი, როდესაც საკვებთან დაკავშირებული დაავადებების რისკი მინიმალურია.
ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა იყოს გარეცხილი გამდინარე წყალში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასმელი წყლის ხარისხი. არსებობს ადგილები, სადაც ცენტრალიზებული წყალი ხელმისაწვდომი არ არის, ჭის ან რომელიმე სხვა რეზერვუარის გამოყენება რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ ის წყალი, რომელიც მაღაზიაში იყიდება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
გარდა ამისა, მან იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლის დაცვაც აუზისა და ჯაკუზის სარგებლობის დროს არის რეკომენდებული. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ორივე შემთხვევაში აუცილებელია შხაპის მიღება, რითაც თავიდან ავირიდებთ დიარული დაავადების განვითარების რისკს და კანის ინფექციის განვითარებას.
„აუზის წყალი არის დაკავშირებული მომატებულ რისკთან. არ ვიცავთ რამდენიმე მთავარ პირობას, რაც აუცილებელია აუზით სარგებლობისას.
პირველი: შხაპის მიღება აუზის წინ. კატეგორიულად აუცილებელია შხაპის მიღება. აუზით სარგებლობა წინასწარ არ ვიღებთ შხაპს შესაძლოა ასოცირებული იყოს დიარული დაავადების განვითარების რისკთან. არის გარკვეული დაავადებები, რომელიც ასოცირებულია ჯაკუზით სარგებლობასთან. მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. ჯაკუზით სარგებლობა შეიძლება ასოცირებული იყოს კანის დაზიანების რისკთან, კანის ინფექციის განვითარების რისკთან. აუზით სარგებლობის შემდეგ ჰიგიენური აბაზანის მიღება აუცილებელი მოთხოვნაა. ასევე ტანსაცმელი უნდა იყოს ნათელი, ფარავდეს სხეულის ყველ ნაწილს“, -აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.