ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც გონიოში ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა
გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული - გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ოთო დეკანიძეა. ის "ოცნების ქალაქში" ცხოვრობდა. მის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე წერს:
"სამშენებლო ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდა მამაკაცზე – საჭიროა უმკაცრესი რეაგირება
სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა 30 წლის ო. დეკანაძის სიცოცხლე — ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გონიოში მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა. იგი თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად ექიმების მაქსიმალური ძალისხმევისა, 17 ივლისს, ღამის 23:00 საათზე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ ტრაგედიის ფონზე საზოგადოებას ერთი მთავარი კითხვა აქვს: ვინ არის ამ უმძიმესი შემთხვევის პასუხისმგებელი?
დაუყოვნებლივ და უმკაცრესად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. პირველ რიგში, სამართლებრივი წესით, უნდა მოხდეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების, უშუალო დამკვეთებისა და ზედამხედველების პასუხისმგებლობის დასახვა. თუ ადგილი ჰქონდა უყურადღებობას, უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფას, ანდა გადაუმოწმებელი კონსტრუქციების გამოყენებას, ეს არ არის უბედური შემთხვევა — ეს არის კვალიფიცირებადი დანაშაული, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს.
სამწუხაროდ, ცნობილია, რომ აღნიშნული კომპანია არაერთგზის ექცეოდა ყურადღების ცენტრში — სწრაფად და საეჭვოდ ადვილად იღებდა ნებართვებს, არღვევდა ვადებს, და, როგორც ამბობენ, მტკიცე კავშირები აქვს არამხოლოდ ბიზნეს წრეებთან, არამედ სახელისუფლებო სტრუქტურებთანაც. სწორედ ასეთი ვითარება ქმნის საზოგადოებრივ უნდობლობას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიშია, როცა ეკონომიკური სარგებელი ადამიანურ სიცოცხლეს უზნის.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია — ეს არის მთელი საზოგადოების, მოქალაქეების უსაფრთხოების, ღირსების და სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხი. არავის მიეცემა უფლება ეს ამბავი მიიჩქმალოს, დავიწყებას მისცეს ან კორუფციული გზებით გადაფაროს.
დაღუპული ახალგაზრდა კაცის ამბავი ვერ და არ დაივიწყება. აჭარელი გლეხის ღირსება, შრომა და სიცოცხლის ფასი ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა — და ასე იქნება ახლაც. საზოგადოება და ოჯახის თითოეული წევრი ელოდება პასუხებს და მოითხოვს სამართალს.
ჩვენ არ ვითხოვთ შურისძიებას — ჩვენ მოვითხოვთ სიმართლეს, სამართალს და დაცულობას.
გუშინ, გონიოში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო" - წერს ბაკურიძე.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.